ეროვნული ბანკი - ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ, გასულ თვეებთან შედარებით, ისევ დაიკლო და 0.3% შეადგინა
ეროვნული ბანკი - ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ, გასულ თვეებთან შედარებით, ისევ დაიკლო და 0.3% შეადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება.

ეროვნული ბანკის ცნობით, ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ, გასულ თვეებთან შედარებით, ისევ დაიკლო და 0.3% შეადგინა. მათივე ცნობით, სექტემბერთან შედარებით ფასების საერთო დონე 0.3%-ით გაიზარდა. სებ-ის ინფორმაციით, ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებას მეტწილად ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაციის დაბალი დონე განაპირობებს, რაც, თავის მხრივ, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობაზე მიუთითებს. გასულ თვეებთან შედარებით მთლიანი ინფლაციის კლებას დამატებით ხელი შეუწყო იმპორტული ინფლაციის შემცირებამ. საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 1.2% შეადგინა.

„ოქტომბერში, გასულ თვესთან შედარებით, სამომხმარებლო კალათაზე ყველაზე მეტად საწვავმა და ფასების სეზონურმა ცვლილებებმა იმოქმედა. საწვავის გაიაფებამ თვის ინფლაცია 0.2 პროცენტული პუნქტით შეამცირა. სეზონური პროდუქტებიდან კარტოფილის, კივის და მანდარინის გაიაფებამ თვის ინფლაცია, ჯამში, 0.2 პროცენტული პუნქტით შეამცირა, ხოლო ყველის, ატმის და ზამთრის ფეხსაცმლის გაძვირებამ ინფლაცია 0.3 პროცენტული პუნქტით გაზარდა. წლიურ ჭრილში ინფლაციის მატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა არცერთ ცალკე აღებულ პროდუქტს არ ჰქონია. საპირისპიროდ, ინტერნეტის, ელექტროენერგიის და ბენზინის გაიაფება ინფლაციას, ჯამში, 0.9 პროცენტული პუნქტით ამცირებდა. სამომხმარებლო კალათაში ყველაზე დიდი ჯგუფის, სურსათის ფასები გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 0.2%-ით ნაკლები იყო, ხოლო წვლილი ინფლაციაში უარყოფით 0.1 პროცენტულ პუნქტს შეადგენდა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

რაც შეეხება ადგილობრივ ინფლაციას, როგორც ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, ადგილობრივი ინფლაცია დაბალ დონეზე ნარჩუნდება და ოქტომბერში 1.8% შეადგინა.

„წინა თვესთან შედარებით ადგილობრივი ინფლაციის ზომიერი მატების მიზეზი ზოგიერთ სურსათზე (იმერული ყველი, კომბოსტო) საბაზო ეფექტის ამოწურვა და გარკვეული მომსახურებების (რეპეტიტორის მომსახურება, ჯანმრთელობის დაზღვევა) წლიური გაძვირებაა. იმპორტული ინფლაცია კვლავ უარყოფითი გახდა (-1.5%) და ამის მთავარი მიზეზი საწვავის გაიაფებაა. შერეული ინფლაცია უარყოფითია (-0.6%). აქ ყველაზე დიდი წვლილი კვლავ ელექტროენერგიისა და ანტიბიოტიკების გაიაფებაზე მოდის. მომსახურების ინფლაცია ოქტომბერში წლიურად, გასულ თვესთან შედარებით, გაიზარდა და 2.4% შეადგინა. ეს მატება მეტწილად რეპეტიტორისა და ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების გაძვირებას უკავშირდება“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშში.