ეროვნული ბანკი - ოქტომბერში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 13.7 პროცენტით გაიზარდა
2021 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 206.7 მლნ აშშ დოლარი (649.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 13.7%-ით (25.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.4% იმ 20 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 20 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.8% მოდიოდა.
გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა რუსეთის ფედერაციიდან – 36,25 მლნ დოლარი, იტალიიდან – 33,05 მლნ დოლარი, აშშ-დან – 23,71 მლნ დოლარი, საბერძნეთიდან – 19,18 მლნ დოლარი, ისრაელიდან – 15,28 მლნ დოლარი.
ამასთან, 2021 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 30.3 მლნ აშშ დოლარი (95.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის ოქტომბრის (23.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26.9%-ით მეტია.