ეროვნული ბანკი - ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილები 18.6 პროცენტით გაიზარდა
ეროვნული ბანკი - ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილები 18.6 პროცენტით გაიზარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 181.7 მლნ აშშ დოლარი (584.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 18.6%-ით (28.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.0% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.4% მოდიოდა.

ეროვნული ბანკის ონფორმაციით, გზავნილების მოცულობით კვლავ რუსეთი ლიდერობს. ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი – 35,20 მლნ აშშ დოლარი მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში სწორედ რუსეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზე 27.50 მლნ აშშ დოლარით იტალიაა, შემდეგ მოდის აშშ – 21.25 მლნ აშშ დოლარით, მეოთხე ადგილზე 19.72 მლნ აშშ დოლარით საბერძნეთია, ხოლო მეხუთეზე ისრაელი – 13,78 მლნ აშშ დოლარით.

ამასთან, 2020 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 23.9 მლნ აშშ დოლარი (76.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის ოქტომბრის (22.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.3%-ით მეტია.