ეროვნული ბანკი - ოქტომბერში ლარი დოლარის მიმართ გაუფასურდა, ევროს მიმართ კი გამყარდა
ეროვნული ბანკი - ოქტომბერში ლარი დოლარის მიმართ გაუფასურდა, ევროს მიმართ კი გამყარდა

ოქტომბერში ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 3.1155-დან 3.1399-მდე, 0.8 პროცენტით გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 3.6725-დან 3.6423-მდე, 0.8 პროცენტით გამყარდა.

თვის ბოლოს კი ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 3.1601 და 3.6828 შეადგინა – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

„საანგარიშო პერიოდში ლარი დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ – 3.1623, ხოლო მინიმალურმა 3.1189 შეადგინა. შესაბამისად, თვის განმავლობაში საშუალო კურსიდან მაქსიმალური გადახრა – 0.7 პროცენტი, ხოლო მინიმალური -0.7 პროცენტი დაფიქსირდა. საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე დოლარი რუსული რუბლის მიმართ საშუალოდ – 2.0 პროცენტით და სომხური დრამის მიმართ 1.9 პროცენტით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირის მიმართ – 7.2 პროცენტით და ევროს მიმართ საშუალოდ 1.6 პროცენტით გამყარდა. აზერბაიჯანული მანათის მიმართ პრაქტიკულად უცვლელი დარჩა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ამასთან, როგორც ცენტრალურ ბანკში აღნიშნავენ, წინა თვესთან შედარებით ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 0.5 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.4 პროცენტით გამყარდა.

„წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 6.9 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 3.0 პროცენტით გამყარდა. სავაჭრო პარტნიორთაგან ოქტომბერში წლიური ინფლაცია საქართველოში დაფიქსირებულ 12.8 პროცენტზე მაღალი იყო თურქეთში – 19.9 პროცენტი, ხოლო დაბალი იყო უკრაინაში – 10.9 პროცენტი, ბელორუსში – 10.5 პროცენტი, აზერბაიჯანში – 10.0 პროცენტი, სომხეთში – 9.1 პროცენტი, რუსეთში – 8.1 პროცენტი, აშშ-ში – 6.2 პროცენტი და ევროზონაში – 4.1 პროცენტი“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.