ეროვნული ბანკი - ოქტომბერში აშშ-დან და ყაზახეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები მაღალი ტემპით გაიზარდა, რუსეთიდან კი 79 პროცენტით შემცირდა
ოქტომბერში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 43.6%-ით დაიკლო და 283.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 0.2%-ით 31.5 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.
ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, წლიურად ფულადი გზავნილების შემცირებას საბაზო ეფექტი და რუსეთიდან ფულადი გზავნილების კლება განაპირობებს.
„ოქტომბერში რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები წლიურად 79%-ით, 62 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. თუმცა მაღალი ტემპით, 39.2%-ით ზრდას განაგრძობს აშშ-დან გადმორიცხული ფულადი სახსრები. ასევე, რეგიონის ქვეყნებიდან, ყაზახეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები მნიშვნელოვნად, 97.6%-ით გაიზარდა. კვლავ მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან, იტალიიდან და გერმანიიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების ზრდას. ოქტომბერში, რეგიონის ქვეყნებიდან, ყირგიზეთიდან და თურქეთიდან გადმორიცხულმა თანხებმა დაიკლო, შესაბამისად 79.0%-ით და 5.5%-ით. აღსანიშნავია, რომ უკრაინიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები წინა წლის მინიმალურ დონესთან შედარებით გაზრდილია. ოქტომბერში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (40.3%), რუსეთი (21.8%) და აშშ (14.7%) წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ანგარიშში.