ეროვნული ბანკი - ოპტიმისტური სცენარით, 2021 წელს ლარი 5 პროცენტით გამყარდება, ხოლო პესიმისტურით 20 პროცენტით გაუფასურდება
ეროვნული ბანკი - ოპტიმისტური სცენარით, 2021 წელს ლარი 5 პროცენტით გამყარდება, ხოლო პესიმისტურით 20 პროცენტით გაუფასურდება

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაკროეკონომიკური სცენარები გამოაქვეყნა.

საბაზისო სცენარის მიხედვით, 2020 წელს, ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვნად მცირდება. ეს გამოწვეულია ახალი კორონავირუსის გლობალური გავრცელების პირობებში როგორც შიდა, ასევე საგარეო მოთხოვნის მკვეთრი დაცემით. თუმცა, როგორც სებ-ის საბაზისო სცენარშია აღნიშნული, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებული პიკური ვარდნის შემდეგ, ეკონომიკურ აქტივობაში გაჯანსაღების დაწყების ნიშნების გამოიკვეთა.

ამასთან, საბაზისო სცენარის მიხედვით, ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნების ეკონომიკური ვარდნა სოლიდური იქნება. სწორედ ამიტომ მომდევნო წლების განმავლობაში ლარის ნომინალური გაცვილითი კურსი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურების სტაბილურ ნიშნულზე დარჩება.

თუმცა, ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა ოპტიმისტური სცენარიც, რომლის მიხედვითაც, ეკონომიკის გაჯანსაღება 2021 წლიდან საბაზოსთან შედარებით უფრო მაღალი ტემპით მიმდინარეობს. ასევე სებ-ში აცხადებენ, რომ ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, მოსალოდნელია სავალუტო ნაკადების აღდგენა, რის გამოც 2021 წელს ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან 5%-ით, ხოლო 2022 წელს ეროვნული ვალუტა დამატებით კიდევ 5%-ით გამყარდება.

არის მესამე, პესიმისტური სცენარი, სადაც გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღების ნიშნების 2022 წლის დასაწყისიდან ჩნდება. საქართველოში კი პესიმისტური სცენარით, გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და რეგიონში დაძაბულობა, საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.

პესიმისტური სცენარის მიხედვით, 2020-2022 წლებში ქვეყანაში რეცესია გაგრძელდება, ასევე იქნება დაძაბული პოლიტიკური ვითარება რეგიონში, რის გამოც ლარი 20%-ით გაუფასურდება, ხოლო 2022 წლიდან ეკონომიკური გაჯანსაღების პირობებში 5%-ით გამყარდება.