ეროვნული ბანკი - მსოფლიო მასშტაბით პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე, ფინანსური სტაბილურობის რისკები გაზრდილია
ეროვნული ბანკი - მსოფლიო მასშტაბით პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე, ფინანსური სტაბილურობის რისკები გაზრდილია

ბოლო წლებში გატარებული ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შედეგად, საქართველოს ფინანსური სისტემა „კოვიდ-19“-ის პანდემიით გამოწვეულ შოკს მომზადებული შეხვდა და მდგრადობას ინარჩუნებს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ 2020 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშშია ნათქვამი.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, „კოვიდ-19“-ის პანდემიით გამოწვეული მსოფლიო კრიზისის ფონზე, ფინანსური სტაბილურობის რისკები გაზრდილია, საქართველოს ეკონომიკა გარკვეული სტრუქტურული გამოწვევებით ხასიათდება, პანდემიის შედეგად კი ქვეყნის ეკონომიკური აქტივობა შემცირებულია.

„საქართველო მცირე ზომის ღია ეკონომიკაა დოლარიზაციის ჯერ კიდევ მაღალი მაჩვენებლით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტითა და საერთაშორისო ფინანსურ ნაკადებზე მზარდი დამოკიდებულებით, რაც გლობალური ეკონომიკური და ფინანსური ტენდენციების მიმართ მოწყვლადობას განაპირობებს. მსოფლიო მასშტაბით „კოვიდ-19“ პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა, კერძოდ კი ისეთმა გარემოებებმა, როგორებიცაა მნიშვნელოვნად შემცირებული ეკონომიკური აქტივობა, ფინანსური ნაკადების შემოდინების კლება, განვითარებად ქვეყნებში გაზრდილი რისკის პრემია და, ასევე, პანდემიის გავრცელებასა და მის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული გაურკვევლობა, საქართველოს ეკონომიკის საგარეო ფაქტორების მიმართ მოწყვლადობის რეალიზება გამოიწვია. შესაბამისად, გაზრდილია ფინანსური სტაბილურობის რისკებიც“, – აღნიშნულია 2020 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში, რომელსაც ეროვნული ბანკი ყოველწლიურად აქვეყნებს.

ამასთან, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, „კოვიდ-19“-ის პანდემიამ და მისი სწრაფად გავრცელების შესაზღუდად გატარებულმა ღონისძიებებმა, შინამეურნეობების სექტორის ფინანსური მდგომარეობის მოწყვლადობა გაზარდა.

„პანდემიით გამოწვეულმა შოკმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ეკონომიკური აქტივობა, რამაც სამუშაო ადგილების შემცირება და შემოსავლების კლება გამოიწვია. აღნიშნულმა კი შინამეურნეობებს მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეები შეუქმნა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, 2020 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში წარმოდგენილია ფინანსურ სისტემაში არსებული გამოწვევებისა და რისკების შეფასება და ძირითადი აქცენტი გაკეთებულია საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე, ფინანსური სექტორის სტრუქტურულ მახასიათებლებსა და საქართველოს ეკონომიკის იმ ასპექტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობისთვის. ფინანსური სტაბილურობის ანგარიში ასევე მოიცავს ადგილობრივი ფინანსური სისტემის მდგრადობის ანალიზს და მიმოიხილავს ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მიერ ფინანსური სტაბილურობის ხელშესაწყობად მიღებულ ზომებს.