საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, მისი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სეგმენტის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ფინანსური განათლების ამაღლებაზე ზრუნვას განაგრძობს და ამჯერად მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილ კამპანიას უერთდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სებ-ის ცნობით, წლევანდელი ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკისა და მისი საგანმანათლებლო პლატფორმის, „ფინედუს“ ორგანიზებით, ასევე, პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, დაგეგმილია სასკოლო საზოგადოებაში უკვე საკმაოდ პოპულარული პროექტის – „მოიწვიე ფინედუ კლასში“ განხორციელება.
„პროექტი საქართველოს ეროვნული ბანკისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლების, „ფინედუს დესპანების“ სკოლებში ვიზიტებსა და ფინანსური განათლების გაკვეთილების ჩატარებას ითვალისწინებს. „ფინედუს დესპანები“ 31 ოქტომბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით III-IX კლასის მოსწავლეებს ეწვევიან და მათ ღია გაკვეთილებს ჩაუტარებენ. გასული წლებისგან განსხვავებით, ამჯერად „ფინედუს დესპანობის“ მისიის შესრულება უკვე მოხალისე მასწავლებლებსაც შეეძლებათ, რაც კამპანიას კიდევ უფრო მასშტაბურსა და საინტერესოს ხდის.
პროექტში ჩასართავად დაინტერესებული მასწავლებლები „ფინედუს“ ვებგვერდზე სპეციალური ფორმის შევსებით დარეგისტრირდნენ. აღსანიშნავია, რომ მსურველთა რაოდენობა წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება – ამჯერად, დაზოგვის თემაზე ღია გაკვეთილისთვის 300-მდე კლასის 6 500-მდე მოსწავლე ემზადება. გაკვეთილის შემდეგ ბავშვებს შესაბამისი საგანმანათლებლო მასალებიც დაურიგდებათ.
პროექტის მასშტაბურობა დიდწილად განპირობებულია ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის პარტნიორი ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ფინანსური, ადამიანური თუ საინფორმაციო მხარდაჭერით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სებ-ის ცნობით, მსოფლიო დაზოგვის დღის აღნიშვნას თითქმის საუკუნოვანი ისტორია გააჩნია. მას საფუძველი 1924 წელს იტალიაში, ქალაქ მილანში ჩაეყარა. საქართველოში მსოფლიო დაზოგვის დღის აღნიშვნის ტრადიცია 2012 წლიდან დაიწყო და მას ფინანსური სექტორი სხვადასხვა ინიციატივით ხვდება. დაზოგვის დღის ქართული სიმბოლო ჭიანჭველა „გროვიაა“.