ეროვნული ბანკი - მოსაზრება, თითქოს „ბლუმბერგის“ სისტემაში მხოლოდ ორი ყველაზე მსხვილი ბანკი ვაჭრობს, არასწორია
ეროვნული ბანკი „ბლუმბერგის“ სავაჭრო სისტემაში ბანკების მონაწილეობის მონაცემებს აქვეყნებს.
სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლის 2 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით „საქართველოს ბანკზე“ ვაჭრობის 16.3% მოდის, „თიბისი ბანკზე“ 15.5%, „პროკრედიტბანკზე“ კი 10.4%.
2 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით ვაჭრობებში „პროკრედიტბანკი“ ლიდერობს, რომელსაც 14.4% უკავია. მეორე ადგილზეა „საქართველოს ბანკი“ 13.9 პროცენტით, მესამეზე კი „თიბისი ბანკი“ 11.9 პროცენტით.
„საქართველოში სავალუტო ბაზარი ლიბერალიზებულია და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ქვეყანაში სავალუტო შეზღუდვები არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს შეუძლია შეუზღუდავად შეიძინოს ან გაყიდოს ნებისმიერი ვალუტა, ფინანსური შუამავლის მეშვეობით ან მის გარეშე. იურიდიული პირები პროცესში ძირითადად ფინანსური შუამავლების – კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საშუალებით მონაწილეობენ. რაც შეეხება სავალუტო პუნქტებს, რომელიც ბაზრის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, ისინი უმეტესად საცალო კლიენტებს ემსახურებიან და მინიმალური მარჟით ახორციელებენ ვალუტის კონვერტირებას.
ბლუმბერგის სავაჭრო სისტემა ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომლითაც ხორციელდება ფინანასური ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. ბლუმბერგის სისტემას საქართველოში 24 ორგანიზაცია იყენებს, რომელთაგან უცხოური ვალუტით აქტიურად ვაჭრობს 16 კომერციული ბანკი და 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ამ ფინანსური ინსტიტუტების ვაჭრობის აქტიურობას მათი კლიენტების მიერ გაცემული ყიდვა-გაყიდვის დავალებები განაპირობებს.
ფინანსური ინსტიტუტები სავალუტო შემოსავლებს იღებენ კლიენტების დავალებით ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებული საკომისიოს სახით. ვინაიდან საქართველოში დოლარიზაცია ჯერ კიდევ მაღალია, მომხმარებლები ხშირად აკონვერტირებენ ვალუტას, რაც, შესაბამისად, ბანკების მაღალ სავალუტო შემოსავლებს განაპირობებს. დოლარიზაციის შემცირებასთან ერთად ეს მაჩვენებელიც ეტაპობრივად შემცირდება.
დამატებით, აღსანიშნავია, რომ გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ბლუმბერგის სისტემაში მხოლოდ ორი ყველაზე მსხვილი ბანკი ვაჭრობს, არასწორია. ამის საილუსტრაციოდ იხილეთ ბლუმბერგის სისტემაში აშშ დოლარის ყიდვა-გაყიდვის ბრუნვის მონაცემები ფინანსური ინსტიტუტების ვაჭრობაში წილების მითითებით. აქვე შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის ბოლოს მდგომარეობით სს “თიბისი ბანკი”-სა და სს “საქართველოს ბანკი”-ს წილები, როგორც აქტივების ისე ვალდებულებების მიხედვით, საბანკო სისტემასთან მიმართებით, შეადგენს 37 და 34 პროცენტს, მაშინ, როდესაც ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე ამ ბანკების წილი გაცილებით ნაკლებია“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.