ეროვნული ბანკი - მოსაზრება, რომ ფულის მასის ზრდა ინფლაციას ან კურსის გაუფასურებას იწვევს, მცდარია
ეროვნული ბანკი ფულის მასის სხვადასხვა აგრეგატისა და გაცვლით კურსს შორის კავშირის შესახებ განმარტებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ ფულის მასაზე დაყრდნობით რამე დასკვნის გაკეთება ინფლაციის ან გაცვლითი კურსის მომავალი დინამიკის შესახებ, მხოლოდ მცდარ შედეგს იძლევა.
ბანკი განმარტავს, რომ საქართველოში, ისევე, როგორც განვითარებული მონეტარული პოლიტიკის მქონე ყველა სხვა ქვეყანაში, ფულის მიწოდება ხდება ავტომატურად ფულზე მოთხოვნის მიხედვით.
„ვინაიდან ეკონომიკის ზრდასთან ერთად დროთა განმავლობაში ფულზე მოთხოვნაც შესაბამისად იზრდება, ფულის აგრეგატების ზრდაც მხოლოდ ფულზე მოთხოვნის ზრდას, და არა ეკონომიკისთვის ფულის ჭარბ მიწოდებას ასახავს. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმში ყველა ცენტრალური ბანკი, მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკიც, ოპერაციულ მიზნად იყენებს საპროცენტო განაკვეთს. სწორედ საპროცენტო განაკვეთის,და არა ფულადი აგრეგატების, ცვლილება აწვდის ბაზარს ინფორმაციას იმის შესახებ, გამკაცრდა, შერბილდა თუ უცვლელი დარჩა მონეტარული პოლიტიკა. რაც შეეხება სახელდობრ ფულადი აგრეგატების ცვლილებას, ის მხოლოდ ფულზე მოთხოვნის ზრდას ან შემცირებაზე მიუთითებს. შესაბამისად, მოსაზრებები, თითქოს ფულადი აგრეგატების ზრდა იწვევს ინფლაციას და/ან ლარის გაუფასურებას, მცდარია“, – აცხადებს ბანკი.
უწყების ინფორმაციით, ზემოხსენებული მოსაზრებების ავტორებს ხშირად არგუმენტად მოჰყავთ მაღალი კორელაცია ფულის მასასა და გაცვლით კურსს შორის, რაც ასევე არასწორი მიდგომაა.
„ხშირად, მაღალი კორელაცია ორ ცვლადს შორის იმის შედეგია, რომ ორივე ცვლადი დროში იზრდება (როგორც ფულის მასასა და გაცვლით კურსს შეიძლება, ჰქონდეს მაღალი კორელაცია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ნებისმიერ ორ დროში მზარდ მწკრივს მაღალი კორელაცია აქვს). მაგალითად, მაღალია კორელაცია გაცვლით კურსსა და საქართველოში სხვადასხვა წყაროებით უცხოური ვალუტის შემოდინებას შორისაც (2015 წლიდან როგორც ექსპორტის, ასევე ფულადი გზავნილების კორელაცია გაცვლით კურსთან არის დაახლოებით 70%), თუმცა ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ყველა სტატისტიკა დროში აღმავალი ტრენდით ხასიათდება. ხოლო თუ მხოლოდ ამ კორელაციაზე დაყრდნობით დავასკვნით, რომ უცხოური ვალუტის შემოდინება იწვევს ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებას, ეს, ცხადია, აზრს მოკლებული იქნება.
გარდა ამისა, სტატისტიკის საწყისს წარმოადგენს ის, რომ კორელაცია არ გულისხმობს მიზეზ-შედეგობრიობას. მაღალი კორელაციის დროს შეიძლება, პირველი მწკრივი ახდენდეს გავლენას მეორეზე, ან პირიქით მეორე პირველზე, ან იყოს მესამე მწკრივი, რომელიც ორივეს განსაზღვრავს, ან ამ ორ მწკრივ შორის რაიმე კავშირი საერთოდ არ იყოს. ამიტომ, მიზეზ-შედეგობრიობის სტატისტიკური კავშირის დასადგენად დამატებითი ანალიზისა და კვლევის ჩატარებაა საჭირო.
აქედან გამომდინარე, გვინდა კიდევ ერთხელ ვუთხრათ მოსახლეობას, რომ ინფლაციის თარგეთირების პირობებში ფულის მასა არ არის და ვერ იქნება მონეტარული პოლიტიკის მდგომარეობის ინდიკატორი და ფულის მასაზე დაყრდნობით რაიმე დასკვნის გაკეთება ინფლაციის ან გაცვლითი კურსის მომავალი დინამიკის შესახებ მხოლოდ მცდარ შედეგს მოგვცემს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.