ეროვნული ბანკი - მოსალოდნელია, რომ ლარიზაციის ზრდის პროცესი მომავალში კვლავ გაგრძელდება
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სექტემბერში, ივნისთან შედარებით, საკრედიტო პორტფელის წლიური ზრდა შემცირდა და გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 12.0 პროცენტი შეადგინა.
სებ-ის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ზრდის ტემპი 3.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების ზრდის ტემპი კი 7.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა, 11.8 პროცენტამდე.
„ბიზნეს სესხების ზრდა სექტორულ ჭრილში დიდწილად ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, მშენებლობის და გადამამუშავებელი სექტორების დაკრედიტებამ განაპირობა, ხოლო ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტება მცირედით შემცირდა. საკრედიტო პირობების კვლევის მიხედვით, მომდევნო კვარტალში საბანკო სექტორის წარმომადგენლები ბიზნესს და საცალო სესხებზე მოთხოვნის მცირედით ზრდას ელოდებიან. ვალუტების ჭრილში საგულისხმოა, რომ 2020 წლის მესამე კვარტალში საკრედიტო პორტფელის ზრდა, გარკვეულწილად, კვლავ ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების ზრდით იყო განპირობებული. სექტემბერში უცხოური ვალუტით დენომინირებული პორტფელის წლიური ზრდის ტემპი შემცირდა და 9.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო ლარის პორტფელის ზრდის ტემპი 2.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.8 პროცენტი იყო. მესამე კვარტალში სესხების ლარიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 42.5 პროცენტი შეადგინა. მოსალოდნელია, რომ ლარიზაციის ზრდის პროცესი მომავალში კვლავ გაგრძელდება. ლარიზაციის ზრდა ფინანსური სტაბილურობის რისკების შემცირების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.