ეროვნული ბანკი მოსახლეობას ნაღდი ფულის გამოყენებისას ჰიგიენის რეკომენდებული ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს
გამომდინარე იქედან, რომ ნებისმიერ საგანს და მათ შორის ფულის ნიშნებს შეუძლია ბაქტერიისა თუ ვირუსის გადატანა, საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოსახლეობას, ნაღდი ფულის გამოყენებისას დაიცვას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჰიგიენის რეკომენდაციები.
კონკრეტულად კი, რეკომენდაციის თანახმად, მოქალაქეები ბანკნოტებთან და მონეტებთან კონტაქტის შემდეგ, ხელის დაბანის გარეშე არ უნდა შეეხონ სახეს – თვალები, ცხვირი, პირი.
„შესაძლებლობის მიხედვით, გამოიყენეთ უნაღდო ანგარიშსწორება, უკონტაქტო და მობილური გადახდები; შესაძლებლობის მიხედვით, აირჩიეთ დისტანციური საბანკო მომსახურება.
კომპანიებმა გაყიდვის წერტილებში პერიოდულად გაუკეთეთ დეზინფექცია პოსტერმინალის ზედაპირს.
ბანკნოტებისა და მონეტების გამოყენების შემდეგ, კვების პროდუქტებთან შეხების წინ გულდასმით დაიბანეთ ხელები“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.
ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ ლარის ბანკნოტებსა და მონეტებთან მიმართებაში ახორციელებს შემდეგი სახის საკარანტინო ზომებს:
მიმოქცევიდან შემოსული ლარის ფულის ნიშნები საკასო ცენტრში განთავსდება და შეინახება ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას 14 დღის განმავლობაში და მათი გაცემა მოხდება მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ.
ასევე საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო დანიშნულების პროდუქციის რეალიზაციას განახორციელებს მხოლოდ ელექტრონული მაღაზიის საშუალებით – www.moneymuseum.nbg.gov.ge.
2020 წლის 13 მარტიდან პირველი აპრილის ჩათვლით, რეგულარულად ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები საკასო ცენტრში.
დღეიდან პირველი აპრილის ჩათვლით კი, მუშაობას წყვეტს საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი ყვარელში.
ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის გავრცელებიდან მომდინარე საფრთხის აღმოფხვრა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.