საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს.
„ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში გახშირდა რეკლამის შემცველი განცხადებები, რომლის საშუალებითაც კომპანია მომხმარებელს მაღალი საპროცენტო განაკვეთით ანაბრის გახსნას სთავაზობს. კომპანია, რომელიც მომხმარებლებს თანხის შეტანის სანაცვლოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთით „ანაბრის“ გახსნას სთავაზობს, არის „სფერო ჰოლდინგში“ შემავალი ორგანიზაცია „სფერო ინვესტი“.
საქართველოს ეროვნული ბანკი გაცნობებთ, რომ აღნიშნული კომპანია არ წარმოადგენს ლიცენზირებულ კომერციულ ბანკს ან რეგისტრირებულ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირს. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მას არ აქვს ანაბრის მიღების ან საანაბრე ხელშეკრულების დადების უფლება.
ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება მათი პირადი სახსრების მესამე პირებისთვის მინდობისას და უპირველეს ყოვლისა გადაამოწმონ, მოიძიონ აღნიშნული კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები.
შეგახსენებთ, რომ დეტალური და პერიოდულად განახლებადი ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ და/ან რეგისტრირებული ორგანიზაციების შესახებ, განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს მისთვის საჭირო და ამომწურავი ინფორმაცია. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე – 2 406 406“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.