ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მოუწოდებს, ფორექს პლატფორმაზე ვაჭრობისას, შუამავლობისთვის მხოლოდ ლიცენზირებული საბროკერო კომპანიის სერვისებით ისარგებლონ
საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს შეახსენებს, რომ 2018 წლის 11 აპრილიდან სავაჭრო პლატფორმის საშუალებით (ე.წ. ფორექს საქმიანობა) მაღალი რისკის შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით (ბინარული ოფციონები და კონტრაქტები ფასთა შორის სხვაობაზე) ვაჭრობის ორგანიზება ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებას დაექვემდებარა და მისი წარმოების უფლებამოსილება მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიებს გააჩნია.
ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, მხედველობაში მიიღონ, რომ ფორექს პლატფორმაზე ვაჭრობა განსაკუთრებულ რისკებთან არის დაკავშირებული და სპეციფიკურ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს.
ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, საშუამავლო საქმიანობისთვის ისარგებლონ მხოლოდ ლიცენზირებული საბროკერო კომპანიის სერვისებით, ხოლო ლიცენზიის გარეშე ზემოაღნიშნული სერვისების განხორციელების აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოთ ეროვნულ ბანკს.
ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 29 აგვისტოს N89 განკარგულებით, საბროკერო კომპანია შპს “ლ.ა. ინვესტს” (ს/ნ 430034811) საბროკერო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა. ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული კომპანიის ადგილზე შემოწმებისას აღმოჩენილი დარღვევების შედეგად მიიღო. შპს “ლ.ა. ინვესტი” საბროკერო საქმიანობას ვებგვერდის www.startfx.com.საშუალებით ახორციელებდა.
ეროვნული ბანკი აქვეყნებს კომპანიების ჩამონათვალსაც, რომლებიც 2018 წლის 26 ოქტომბრისთვის უფლებამოსილი არიან განახორციელონ საბროკერო საქმიანობა: შპს “თიბისი კაპიტალი”; სს “გალტ ენდ თაგარტი“; შპს “ქართუ ბროკერი”; სს “კაუკასუს კაპიტალ ჯგუფი”; შპს “აბბი ასეტ მენეჯმენტი”; სს “ჰერითიჯ სიქიურითიზ“; შპს “ფიდელის ველს მენეჯმენტი”; შპს “თრეიდ ჰოლდინგი”; სს საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი.