ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 7.25 პროცენტზე ტოვებს
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 7.25 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, როგორც მოსალოდნელი იყო, ერთჯერადი ფაქტორების ძირითადი ნაწილის განეიტრალებასთან ერთად, 2018 წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა და მარტში 2.8 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ დონესთან (3 პროცენტი) ახლოს შენარჩუნდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ერთობლივი მოთხოვნა პოტენციურ დონეს კვლავ ჩამორჩება და, ამდენად, შემცირების მიმართულებით მოქმედებს ინფლაციის მაჩვენებელზე, საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე გამოვლენილი ბოლო პერიოდის მერყეობის ფონზე, გაიზარდა ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ინფლაციის გადმოცემის რისკები. შედეგად, ამ ეტაპზე, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

პოლიტიკის ეტაპობრივი შერბილების დაწყებას კომიტეტი ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორების საკმარისად შესუსტების შემდეგ განიხილავს.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ეკონომიკური აქტივობის ზრდის მაღალი ტემპები 2018 წლის დასაწყისშიც შენარჩუნდა. წინასწარი შეფასებით, მარტში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ წლიურად 5.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველ კვარტალში ჯამურად 5.2 პროცენტი იყო. არსებული პროგნოზებით, გასული წლის მსგავსად, 2018 წელსაც მოსალოდნელია შედარებით მაღალი ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნება, რაც ხელს შეუწყობს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებას მის პოტენციურ დონესთან. საგარეო სექტორის პოზიტიური ტენდენციები კი, 2018 წლის დასაწყისშიც გაგრძელდა. პირველ კვარტალში კვლავ მაღალი ტემპებით გაიზარდა საქონლის ექსპორტი და ტურისტული შემოსავლები. ამავე დროს, შენარჩუნდა ფულადი გზავნილების დადებითი დინამიკა. თუმცა, გასულ წელთან შედარებით, იმპორტის ზრდის ტემპი მაღალია.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2018 წლის 13 ივნისს გაიმართება.