ეროვნული ბანკი მომხმარებლებს ვალუტის გადამცვლელი არარეგისტრირებული პუნქტების შესახებ აფრთხილებს და მოუწოდებს, ვალუტა მხოლოდ რეგისტრირებულ პუნქტებში გადაცვალონ
ეროვნული ბანკი მომხმარებლებს არარეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების შესახებ აფრთხილებს და მოუწოდებს, ვალუტა მხოლოდ რეგისტრირებულ პუნქტებში გადაცვალონ, – ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
„გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სხვადასხვა ლოკაციაზე დაფიქსირდა არარეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების არსებობა და მათ მიერ ვალუტის გადაცვლის ოპერაციების უნებართვოდ წარმოების ფაქტები.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი დადგენილი წესის შესაბამისად. რეგისტრაციის გარეშე ვალუტის გადაცვლის ოპერაციების წარმოება წარმოადგენს კანონდარღვევას და შესაძლოა, გამოიწვიოს სამართლებრივი პასუხისმგებლობის, მათ შორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დადგომა.
მოვუწოდებთ მეწარმე სუბიექტებს, თავი შეიკავონ კანონმდებლობის გვერდის ავლით ვალუტის გადაცვლის ოპერაციების წარმოებისგან. ამავდროულად, ვთხოვთ, მომხმარებლებს გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და ვალუტა გადაცვალონ მხოლოდ რეგისტრირებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში, ყოველთვის მოითხოვონ ქვითარი, ხოლო ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე – 2 406 406 ან მოგვწერონ – [email protected]“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.