ეროვნული ბანკი მომხმარებლებს შესაძლო თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს
საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტსივრცეში ფინანსური თუ პირადი მონაცემების მითითებისას, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„პერიოდულად სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს სხვადასხვა ვებგვერდზე, მათი პირადი ინფორმაციის შევსების სანაცვლოდ, გარკვეული ფულადი თუ სხვა პრიზების მოგების დაპირებით, გათამაშებაში მონაწილეობის მიღებას სთავაზობენ. ამასთან, რამდენიმე შემთხვევაში გათამაშების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სახელითაც გავრცელდა. მათ შორის, მომხმარებლებს ამ შეთავაზებების სხვა პირებთან გავრცელებისკენ უბიძგებდნენ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეროვნული ბანკი არანაირი მსგავსი სახის ონლაინგათამაშების ორგანიზებას არ ახდენს. გასათვალისწინებელია, რომ პირადი ინფორმაციისა თუ მონაცემების გამჟღავნების შემთხვევაში არსებობს ამ ინფორმაციის მოპოვებით დაინტერესებული პირების მიერ სხვადასხვა თაღლითური ოპერაციის განხორციელების რისკი.
საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტსივრცეში ფინანსური თუ პირადი მონაცემების მითითებისას, პირველ ყოვლისა, გადაამოწმონ და კარგად დააკვირდნენ ვებგვერდის მისამართს, სადაც შეჰყავთ ინფორმაცია, მოიძიონ აღნიშნული კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო თუ კომპანია, ერთი შეხედვით, სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ შეთავაზების ნამდვილობა.
დამატებით მოგიწოდებთ, დაიცვათ შემდეგი წესები: შემოწმების გარეშე არ გადასცეთ სხვა პირებს პირადი მონაცემები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ფინანსური ოპერაციების უნებართვო განხორციელება. გადაამოწმეთ ვებგვერდის მისამართი – ფინანსური მომსახურების გამოყენებამდე შეამოწმეთ ის მისამართი, სადაც მონაცემების შეყვანას აპირებთ. შეაფასეთ ვებგვერდის შიგთავსი (კონტენტი). ყალბი ვებგვერდის შექმნისას დიდი ყურადღება და რესურსი ეთმობა იმას, რომ ის ნამდვილი, ოფიციალური ვებგვერდის მსგავსი იყოს. დააკვირდით, რომ ტექსტი შინაარსობრივად იყოს გამართული და არ შეიცავდეს ორთოგრაფიულ შეცდომებს. უკიდურესი სიფრთხილით მოეკიდეთ სოციალურ ქსელებში არსებულ ფინანსურ შეთავაზებებს. გადაამოწმეთ ვებგვერდის მფლობელი – საიტზე www.WHO.is მომხმარებელს კონკრეტული მისამართის ნამდვილობის გადამოწმება შეუძლია. გადახდის სანდო წყარო – ნამდვილი ან ოფიციალური ვებგვერდი მომხმარებელს ყოველთვის მოსთხოვს გადახდის განხორციელებას საგადახდო ბარათის ან ოფიციალური პორტალის (მაგ., PayPal) მეშვეობით. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე – 032 2 406 406“, – ნათქვამია განცხადებაში.