ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ხანგრძლივად შენარჩუნებას არ გამორიცხავს
ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ხანგრძლივად შენარჩუნებას არ გამორიცხავს

საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ხანგრძლივად შენარჩუნებას არ გამორიცხავს.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, დეკემბერში ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი მცირედით გამყარდა, რამაც ინფლაციაზე ზრდის წნეხი შეამცირა, თუმცა ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ჯერ კიდევ გაუფასურებულ დონეზე რჩება. ასევე ბოლო პერიოდში დაფიქსირდა ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და დაკრედიტების მაღალი ზრდა.

„იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მაჩვენებლების დინამიკა დამატებით ინფლაციურ წნეხს შექმნის, ეს შეიძლება, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნების წინაპირობა გახდეს“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ამასთან, ცენტრალური ბანკის პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წლის დასაწყისიდან შემცირებას დაიწყებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება.

„აღნიშნულს უზრუნველყოფს მონეტარული პოლიტიკა, რომელიც მკაცრი დარჩება მანამ, სანამ საშუალოვადიანი ინფლაციის მოლოდინები მიზნობრივ 3 პროცენტამდე არ შემცირდება“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრcელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.0 პროცენტს შეადგენს.