ეროვნული ბანკი - მარტში ლარში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი შემცირდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2022 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით 67.52 მლნ ლარით, ანუ 0.16 პროცენტით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 43.32 მლრდ ლარი შეადგინა.
ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 281.95 მლნ ლარით, ანუ 1.34 პროცენტით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 214.43 მლნ ლარით, ანუ 0.97 პროცენტით შემცირდა.
ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის მარტის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.58 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 0.24 პროცენტით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით 13.70 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 0.81პროცენტით ნაკლებია.
მათივე ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის მარტის განმავლობაში 0.80 პროცენტით, ანუ 174.86 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 22.16 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 49.36 პროცენტი შეადგინა, 2022 წლის პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.57 პროცენტული პუნქტით.