ეროვნული ბანკი - მარტში კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 583 მლნ ლარით გაიზარდა
2021 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 583.5 მლნ ლარით გაიზარდა და მთლიანი მოცულობა 38.4 მლრდ ლარს გაუტოლდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საკრედიტო პორტფელზე ზრდის მიმართულებით გავლენა მოახდინა, ეროვნული ვალუტით დაკრედიტების ზრდამ, ასევე, კურსის გაუფასურების შედეგად, უცხოური ვალუტის სესხების ლარით გამოსახული მაჩვენებლის მატებამ.
ცენტრალური ბანკის ცნობით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 11.4 პროცენტი შეადგინა.
„გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე კი, სესხების წლიური ზრდა 8.0 პროცენტი იყო. საკრედიტო პორტფელის 89.4 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 89.6 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 40.9 პროცენტს შეადგენდა. საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 307.5 მლნ ლარით, ანუ 1.8 პროცენტით გაიზარდა და 17.12 მლრდ ლარს გაუტოლდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად ფიზიკური პირების გრძელვადიანი დაკრედიტების ზრდით იყო განპირობებული. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა მარტში 79.8 მლნ აშშ დოლარით (1.2 პროცენტით) შემცირდა, წინა თვესთან შედარებით და პერიოდის ბოლოს 6.43 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 61.4 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენს, ხოლო 896 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ანგარიშში.