ეროვნული ბანკი - მაისთან შედარებით, ივნისში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 1.31 მილიარდი ლარით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის ივნისის ბოლოსათვის 46.79 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.31 მლრდ ლარით, ანუ 2.88%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.
ცენტრალური ბანკის ცნობით, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 1.50 მლნ ლარით, ანუ 0.01%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.31 მლრდ ლარით, ანუ 4.74%-ით გაიზარდა.
სებ-ის ანგარიშის მიხედვით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის ივნისის ბოლოსათვის 49.23 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.28 პროცენტული პუნქტით.
ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივნისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.45% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 10.91%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 1.47%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა – 78.36%, ხოლო ევროს წილმა 19.17% შეადგინა.