ეროვნული ბანკი - მაისში წლიური ინფლაციის შემცირება, მეტწილად, საწვავის, მზესუმზირის ზეთისა და მედიკამენტების ფასების კლებამ განაპირობა
2023 წლის მაისში წლიური ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ჩამოცდა და 1.5% შეადგინა, ხოლო აპრილთან შედარებით, ფასები 0.1%-ით შემცირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოში ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს.
როგორც ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, საერთაშორისო ბაზრებზე საქონლის ფასები სტაბილურად იკლებს და მცირდება საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულებაც. ეს ტენდენციები საქართველოს ბაზარს გადმოეცემა და გამყარებული ლარის კურსის ფონზე ინფლაციას ამცირებს. ინფლაციის შემცირებას გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც ხელს უწყობს.
„მაისში, წინა თვესთან შედარებით, სურსათის ჯგუფის ფასებმა 1.9%-ით მოიკლო, რამაც თვის ინფლაცია 0.6 პროცენტული პუნქტით შეამცირა. კერძოდ, წინა თვესთან შედარებით, სურსათის ჯგუფის ინფლაციის კლება, მეტწილად, იმერული ყველის, პურის, კიტრის, კარტოფილის, სულგუნისა და ხახვის ფასების შემცირებამ განაპირობა. თვის ინფლაცია მცირედით შეამცირა დიზელის 5.5%-ით გაიაფებამაც. საპირისპიროდ, საბანკო მომსახურებისა და კომბოსტოს გაძვირებამ თვის ინფლაცია 0.4 პროცენტული პუნქტით გაზარდა. მაისში წლიური ინფლაციის შემცირება, მეტწილად, საწვავის, მზესუმზირის ზეთისა და მედიკამენტების ფასების კლებამ განაპირობა. სურსათის ინფლაცია ეტაპობრივად მცირდება და მისი წვლილი მთლიან ინფლაციაში კლებადია. ბოლო თვეებში საწვავის (ბენზინი და დიზელი) თანდათან გაიაფების ფონზე, საწვავის წვლილი ინფლაციაში უარყოფითი გახდა და მაისში ამ მაჩვენებელმა -1.9 პპ შეადგინა. ფართოდ მოხმარებადი მედიკამენტების გაიაფებამ წლიური ინფლაცია 0.8 პპ-ით შეამცირა. მაისში სურსათის ფასები, წინა წელთან შედარებით, 3.1%-ით არის გაზრდილი, რამაც მთლიან ინფლაციაში 0.9 პპ-იანი წვლილი შეიტანა. სურსათის ინფლაცია, მეტწილად, ხორცზე, კარტოფილზე და ყველზე გაზრდილ ფასებს უკავშირდება. მიუხედავად ბოლო პერიოდში პურის გაიაფებისა, წლიურ ინფლაციაში მისი კონტრიბუცია კვლავ დადებითია და 0.1 პპ-ს შეადგენს. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, შემცირდა და 3.9% შეადგინა“, – აღნიშნულია სებ-ის მიმოხილვაში.
ამასთან, როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ინფლაციის შემცირებას, მეტწილად, იმპორტული ინფლაციის კლება განაპირობებს.
„ბოლო თვეებში იმპორტულ ინფლაციას მკვეთრად კლების ტენდენცია აქვს, რასაც საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტების ფასების და საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებასთან ერთად ლარის კურსის გამყარება უწყობს ხელს. მაისში იმპორტირებული საქონლის წლიური 6.5%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა. დაახლოებით ასეთივე დინამიკა აქვს შერეულად წარმოებული პროდუქტების ფასებს, რომელთა დეფლაცია მაისში 4.2%-ს გაუტოლდა. ადგილობივად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია, წინა თვესთან შედარებით, 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა. თუმცა მისი დონე ჯერ კიდევ მაღალია და მაისში 9.1% შეადგინა. აღნიშნული კლება, ძირითადად, სურსათის ინფლაციის ეტაპობრივ შემცირებას უკავშირდება. მაღალი ადგილობრივი ინფლაცია ზოგიერთი ადგილობრივად წარმოებული სურსათის (პირველ რიგში, პური, ყველი, ხორცი) და მომსახურების წლიურ გაძვირებას (9.7%) უკავშირდება. თავის მხრივ, მომსახურების მაღალი ინფლაცია, დიდწილად, უცხოელთა რაოდენობის მკვეთრი მატების შედეგად მომსახურებაზე გაზრდილი ფასებით შეიძლება აიხსნას. აქედან ყველაზე გამოსარჩევი ბინის ქირაა, რომლის წვლილი მომსახურების ინფლაციაში 0.8 პროცენტული პუნქტია“, – აღნიშნავენ ცენტრალურ ბანკში.