ეროვნული ბანკი - მაისში კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება შემცირდა
ეროვნული ბანკი - მაისში კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება შემცირდა

2021 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 618.7 მლნ ლარით შემცირდა და მთლიანი მოცულობა 38.9 მლრდ ლარს გაუტოლდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საკრედიტო პორტფელის შემცირება გაცვლითი კურსის გამყარების შედეგად, უცხოური ვალუტის სესხების ლარით გამოსახული მაჩვენებლის კლებამ განაპირობა.

„კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა 15.6 პროცენტი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე კი, სესხების წლიური ზრდა 10.4 პროცენტი იყო. საკრედიტო პორტფელის 89.2 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 88.9 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 42.5 პროცენტს შეადგენდა. საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 318.0 მლნ ლარით, ანუ 1.8 პროცენტით გაიზარდა და 17.81 მლრდ ლარს გაუტოლდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, ფიზიკური პირების გრძელვადიანი დაკრედიტების ზრდით იყო განპირობებული. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა მაისში 59.6 მლნ აშშ დოლარით, ანუ 0.9 პროცენტით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით და პერიოდის ბოლოს 6.63 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 61.8 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენს, ხოლო 88.9 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.