ეროვნული ბანკი - მაისში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 23.9 პროცენტით შემცირდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 384.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 975.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 23.9%-ით, ანუ 120.8 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2022 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.6% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მაისში თითოეულზე ერთ მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 98.3% მოდიოდა.
გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 154.72 მილიონი აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა. მეორე ადგილზეა იტალია 44.17 მილიონი აშშ დოლარით. მესამე ადგილს 38.30 მილიონი აშშ დოლარით აშშ იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილზეა საბერძნეთი 21.29 მილიონი აშშ დოლარით, მეხუთე ადგილზე კი ყაზახეთია 20.02 მილიონი აშშ დოლარით.
ამასთან, ეროვნული ბანკის ცნობით, 2023 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 30.9 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 78.3 მილიონი ლარი გადაიგზავნა, რაც, 2022 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 7.9%-ით მეტია.