ეროვნული ბანკი ლიცენზირებისა და რეგისტრაციის პროცესს ორი თვით წყვეტს
ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი, საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის ლიცენზირებისა და რეგისტრაციის პროცესს დროებით, ორი თვის ვადით აჩერებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, ორი თვის ვადით წყდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციად, ვალუტის გადამცვლელ პუნქტად/ფილიალად, სესხის გამცემ სუბიექტად/ფილიალად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერად და სისტემის ოპერატორად საკრედიტო კავშირად, საფონდო ბირჟად, ცენტრალურ დეპოზიტარად, სპეციალიზებულ დეპოზიტარად, საბროკერო კომპანიად და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორად რეგისტრაციის, ლიცენზირების, ნებართვების, ავტორიზაცია/აღიარების მისაღებად განცხადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება.
ბანკი განმარტავს, რომ აღნიშნული არ ვრცელდება პირებზე, რომლებსაც ბრძანების გამოცემამდე განაცხადი უკვე შეტანილი ჰქონდათ საქართველოს ეროვნულ ბანკში. ისინი კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი წესებით განსაზღვრული ვადებისა და პირობების შესაბამისად განიხილება.