ეროვნული ბანკი - ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გაუფასურებულ დონეზე ნარჩუნდება, რის გამოც ინფლაციური მოლოდინები ისევ სახეზეა
ერთ თვეში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ორჯერ გაიზარდა – პირველად მიმდინარე წლის 4 სექტემბერს 0,5 პროცენტით 7 პროცენტამდე, ხოლო მეორედ დღეს, ასევე 0,5 პროცენტით 7,5 პროცენტამდე.
გეგმის მიხედვით მონეტარული პოლიტიკის სხდომა 23 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეროვნულმა ბანკმა რიგგარეშე სხდომის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ კომიტეტის წინა გადაწყვეტილების შემდეგ, ლარის კურსი დოლარის მიმართ ისევ იგივე დონეზე ნარჩუნდება, ამიტომ ინფლაციის გაზრდის მოლოდინი კვლავ არსებობს.
„კომიტეტის გასული სხდომის შემდეგ ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გაუფასურებულ დონეზე ნარჩუნდება, რის გამოც, ინფლაციური მოლოდინები კვლავ სახეზეა. აქედან გამომდინარე, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ეროვნული ბანკი მუდმივ რეჟიმში აკვირდება ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებიდან მომდინარე ინფორმაციას და საჭიროების შესაბამისად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 23 ოქტომბერს ჩატარდება.