ეროვნული ბანკი - ლარის გაცვლითი კურსი წლიურად გამყარებულია, რაც მიუთითებს, რომ საქართველოში ინფლაცია ძირითადად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებით არის გამოწვეული
ეროვნული ბანკი - ლარის გაცვლითი კურსი წლიურად გამყარებულია, რაც მიუთითებს, რომ საქართველოში ინფლაცია ძირითადად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებით არის გამოწვეული

2022 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 11.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასებმა 2.5 პროცენტით მოიმატა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, კომუნალური ხარჯების სუბსიდირების საბაზო ეფექტის ამოწურვის გამო, მარტიდან წლიური ინფლაციის შემცირება მოსალოდნელი იყო; თუმცა ეს კლება გაცილებით ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე მანამდე იყო მოლოდინი, რადგანაც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ნედლეული პროდუქტების ფასები მკვეთრად გაზარდა.

„ომის დაწყებამდე უკრაინა და რუსეთი, სხვადასხვა პროდუქტის მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნები, მსოფლიო სატრანსპორტო სისტემის და მიწოდების ჯაჭვების მნიშვნელოვანი მონაწილენი იყვნენ. მაშინ როდესაც COVID-19-ით გამოწვეული მიწოდების ჯაჭვების პრობლემები და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი ჯერ ბოლომდე დაძლეული არ იყო, მიმდინარე ომმა მიწოდების ჯაჭვები კიდევ მეტად შეაფერხა და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა- მიწოდების დისბალანსი კიდევ უფრო გააღრმავა. შედეგად, მსოფლიოში ფასების ზრდის ახალი, მძლავრი ბიძგი წარმოიქმნა. ნავთობის, ხორბლის, შაქრის, მცენარეული ზეთისა და სხვა საკვები პროდუქტების ფასები მკვეთრად გაიზარდა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სურსათის ინდექსი მარტში წლიურად 33.6%-ით გაიზარდა. გლობალურად გაზრდილი ფასები ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცა. საქართველოსთვის კი ეს გამოწვევა დამატებით სირთულეებს შეიცავს, რადგან უკრაინა და რუსეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ქვეყნებია.

მარტში, წინა თვესთან შედარებით, ყველაზე საგრძნობი საწვავის გაძვირება იყო, რაც, როგორც აღვნიშნეთ, რუსეთის მიერ წამოწყებული ომის ასახვაა. საწვავზე ფასის მატების ჯამურმა გავლენამ თვის ინფლაციაზე 0.9 პროცენტული პუნქტი შეადგინა. პურის, ზეთის და შაქრის გაძვირების გავლენა თითოეულისთვის 0.1 პროცენტულ პუნქტს შეადგენდა.

წლიურ ჭრილში, საწვავის ფასების ზრდის წვლილი მარტის ინფლაციაში ჯამში 2.1 პროცენტულ პუნქტამდე გაიზარდა. თუმცა საწვავის ფასების ფაქტობრივი ზრდა მარტის ინფლაციაში მხოლოდ ნაწილობრივ აისახა. მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი აპრილში სრულად გამოჩნდება. სურსათის ფასების ზრდამ მარტის წლიურ ინფლაციაში 5.1 პროცენტულ პუნქტიანი წვლილი შეიტანა. აქედან გამოსარჩევია პურის, ყველის, კარტოფილის, ზეთის, შაქრის გაძვირება. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ მარტში ინფლაციის შემცირება მოსალოდნელი იყო, რაც პირველ რიგში კომუნალური ხარჯების სუბსიდირების ინფლაციაზე გავლენის ამოწურვას უკავშირდებოდა. მარტში კომუნალური გადასახადების წვლილი ინფლაციაში თებერვლის 3.6 პროცენტული პუნქტიდან 0.5 პროცენტულ პუნქტამდე შემცირდა.

საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 6.0 პროცენტს გაუტოლდა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ამასთან, სებ-ის ანგარიშის მიხედვით, იმპორტირებული პროდუქტების ინფლაცია მარტში 16.5%-მდე შემცირდა, თუმცა ის ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაციასა და მომსახურების ინფლაციას მაინც მნიშვნელოვნად აჭარბებს. ამის მიზეზია, რომ მომსახურების ფასები მსოფლიო ფასებზე ყველაზე ნაკლებად არის დამოკიდებული.

„იმპორტირებული პროდუქტების მაღალი ინფლაცია, ადგილობრივ პროდუქტებთან და მომსახურებასთან შედარებით, იმ პირობებში, როცა ლარის გაცვლითი კურსი წლიურად გამყარებულია, იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში ინფლაცია ძირითადად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებით არის გამოწვეული“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.