ეროვნული ბანკი - კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა მილიარდ ლარზე მეტით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2021 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით 1.63 მლრდ ლარით, ანუ 3.93%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისთვის 43.03 მლრდ ლარი შეადგინა.
ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 685.88 მლნ ლარით, ანუ 3.35%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 941.36 მლნ ლარით, ანუ 4.50%-ით გაიზარდა.
ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 2021 წლის დეკემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.92 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 5.29%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით 13.69 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 4.66%-ით მეტია.
მათივე ცნობით, გასული წლის დეკემბრის განმავლობაში 3.10%-ით, ანუ 646.57 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისთვის 21.52 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველი იანვრისთვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 49.16 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.28 პროცენტული პუნქტით.