საბანკო სექტორი ჯანსაღი და მდგრადია, რაც იმის გარანტია, რომ შოკის პიკის გადავლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა სწრაფად აღდგენას და ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას შეძლებს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი.
„კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური შოკი და პანდემიის მომავალი განვითარებისა და საქართველოს ეკონომიკაზე მისი გავლენის მოლოდინი ბოლო დღეების განმავლობაში სავალუტო ბაზარზე გაზრდილ მერყეობაშიც აისახა.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი გაურკვევლობა, ეროვნული ბანკი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს ნეგატიური შედეგების მოსახლეობაზე გავლენის მინიმიზაციის მიმართულებით“, – ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ სავალუტო ბაზრისთვის უცხოური ვალუტის მიწოდების მხარდასაჭერად, სებ-მა უკვე განახორციელა ორი ინტერვენცია – საერთო ჯამში, 60 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. ამავე დროს, წინა წლებში ხორციელდებოდა რეზერვების დაგროვება.
„მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურ გამოწვევებს საქართველოს ფინანსური სისტემა მომზადებული შეხვდა. საბანკო სექტორი ჯანსაღი და მდგრადია, რაც იმის გარანტია, რომ შოკის პიკის გადავლის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა სწრაფად აღდგენას და ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას შეძლებს.
სავალუტო ბაზრის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი 25 მარტის აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.