ეროვნული ბანკი - ივნისში, მაისთან შედარებით, ფასების მნიშვნელოვანი ცვლილებები სურსათის სეზონურ გაიაფებას უკავშირდება
ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება და ივნისში 2.2% შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია საუბარი.
მათივე ცნობით, მაისთან შედარებით ფასებმა 0.5%-ით დაიკლო. საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 1.4% შეადგინა. ივნისში მაისთან შედარებით სამომხმარებლო კალათაში ფასების მნიშვნელოვანი ცვლილებები სურსათის სეზონურ გაიაფებას უკავშირდება. აქედან გამოსარჩევი კარტოფილის 24%-იანი გაიაფება იყო, რამაც თვის ინფლაცია 0.3 პროცენტული პუნქტით შეამცირა.
„წლიურ ჭრილში ინფლაციას ყველაზე მეტად ბენზინის გაძვირება ზრდიდა. გასულის წლის ივნისთან შედარებით ბენზინის ფასები საშუალოდ 25.2%-ით იყო გაზრდილი, ხოლო წვლილი ინფლაციაში 0.9 პროცენტულ პუნქტს შეადგენდა. ინფლაციის შემცირებას ყველაზე მეტად ელექტროენერგიის ტარიფის გაიაფება განაპირობებდა. კერძოდ, ელექტროენერგიის ტარიფი წლიურად 13.2%-ით შემცირდა, რამაც ინფლაცია 0.3 პროცენტული პუნქტით შეამცირა. სურსათის ფასები გასული წლის ივნისის ფასებს 1.7%-ით აღემატებოდა. აქედან გამოსარჩევი ვაშლი, მწვანილი და ძროხის ხორცი იყო, რაც ინფლაციას, ჯამში, 0.5 პროცენტული პუნქტით ზრდიდა, ხოლო ხახვი და მზესუმზირის ზეთი 0.3 პროცენტული პუნქტით ამცირებდა.
ადგილობრივი ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან, 3%-თან ახლოს ნორმალიზდა. ივნისში ადგილობრივი ინფლაცია 2.8%-ს გაუტოლდა და მასში მთავარი წვლილი მომსახურების ფასების ცვლილებამ (1.9 პპ) შეიტანა. შერეულად წარმოებული პროდუქტები, ჯამში, 0.2%-ით ძვირი იყო გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. შერეულ ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად ზეთის, ანტიბიოტიკებისა და ელექტროენერგიის ტარიფის წლიური გაიაფება მოქმედებს. იმპორტირებული პროდუქტების ინფლაცია 3.3%-ს შეადგენდა, სადაც უდიდესი წვლილი საწვავის გაძვირებას ჰქონდა. მომსახურების ინფლაცია კლებად ტენდენციას განაგრძობს და ივნისში 4.2%-მდე შემცირდა. მომსახურების ინფლაციის თანდათან შემცირება საბაზო ეფექტს უკავშირდება“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.