ეროვნული ბანკი - ივნისში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 2.57 პროცენტით გაიზარდა, უცხოური ვალუტით კი, 3.64 პროცენტით შემცირდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2021 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით 318.79 მლნ ლარით, ანუ 0.81%-ით შემცირდა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისთვის 39.21 მლრდ ლარი შეადგინა.
ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 464.05 მლნ ლარით, ანუ 2.57%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 782.84 მლნ ლარით, ანუ 3.64%-ით შემცირდა.
ამასთან, ეროვნული ბანკის ცნობით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის ივნისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5.89 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 2.83%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით 12.92 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 4.10%-ით ნაკლებია.
„2021 წლის ივნისის განმავლობაში 0.13%-ით, ანუ 25.28 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისთვის 19.59 მლრდ ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის პირველი ივლისისთვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 47.18 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 1.55 პროცენტული პუნქტით – გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.39 პროცენტული პუნქტით“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.