ეროვნული ბანკი - ივლისთან შედარებით, აგვისტოში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 593 მილიონი ლარით გაიზარდა
ეროვნული ბანკი - ივლისთან შედარებით, აგვისტოში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 593 მილიონი ლარით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი აგვისტოსათვის 35.12 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 593.09 მლნ ლარით, ანუ 1.72%-ით მეტია პირველი ივლისისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

ანგარიშის თანახმად, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 471.45 მლნ ლარით, ანუ 2.93%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.06 მლრდ ლარით, ანუ 5.77%-ით გაიზარდა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 39.99 პროცენტი შეადგინა. პირველი ივლისის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.008 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.45% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.23%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.91%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.83%, ხოლო ევროს წილმა 14.75% შეადგინა.