ეროვნული ბანკი - სამომხმარებლო სესხები შემცირებას განაგრძობს, იპოთეკური სესხების ზრდა კი, აღმავალი ტენდენციით ხასიათდება
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი მიიჩნევს, რომ წლის დასაწყისიდან ამოქმედებული ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო ფინანსური სტაბილურობის რისკებს ამცირებს.
კომიტეტის ინფორმაიით, ჭარბი საკრედიტო ზრდის შენელების გარდა, მოლოდინების შესაბამისად ასევე გამოიკვეთა დადებითი ტენდენციები, კერძოდ, უმჯობესდება მომსახურების და უზრუნველყოფის კოეფიციენტები და, შედეგად, მცირდება მაღალი საკრედიტო ტვირთით გაცემული სესხები.
რაც შეეხება, ფიზიკური პირების დაკრედიტებას, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სამომხმარებლო სესხები შემცირებას განაგრძობს, ხოლო იპოთეკური სესხების ზრდა, წლის დასაწყისში შენელების შემდეგ, აღმავალი ტენდენციით ხასიათდება. აღნიშნულ ზრდაში მატულობს ლარით გაცემული იპოთეკური სესხების წილი.
კომიტეტის ინფორმაციით, შემცირებული სამომხმარებლო სესხების ფონზე იზრდება რესურსი იურიდიული პირების დაკრედიტებისთვის. აპრილში იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების წლიურმა ზრდამ 12.8 პროცენტი შეადგინა.
„ამასთან, შეინიშნება ლარით გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირება, რაც ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ფაქტორია“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0 პროცენტზე დატოვა. გადაწყვეტილების დეტალებზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ბრიფინგი გამართა. ეროვნული ბანკის შეფასებით, ფინანსური სისტემა პოტენციური შოკების მიმართ მდგრადობას ინარჩუნებს.