ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ, გასულ თვეებთან შედარებით, დაიკლო და 1.0% შეადგინა. მათივე ცნობით, ივლისთან შედარებით ფასების საერთო დონე 0.1%-ით შემცირდა. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში შენარჩუნებას მეტწილად ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაციის ეტაპობრივი კლება განაპირობებს, რაც, თავის მხრივ, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობაზე მიუთითებს. ხოლო საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 0.9% შეადგინა.
„აგვისტოში, გასულ თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად სამომხმარებლო ფასებზე ინტერნეტის გადასახდელმა იმოქმედა. ინტერნეტის ხარისხის გაუმჯობესება ივლისში დაიწყო და აგვისტოშიც გაგრძელდა, რასაც ფასის შესაბამისი გაძვირება არ მოჰყოლია. ამის გავლენით თვის ინფლაციამ 0.2 პროცენტული პუნქტით დაიკლო. წლიურ ჭრილში ინფლაციას ყველაზე მეტად ბენზინის გაძვირება ზრდიდა. გასულის წლის აგვისტოსთან შედარებით ბენზინის ფასები საშუალოდ 15.8%-ით იყო გაზრდილი, ხოლო წვლილი ინფლაციაში 0.6 პროცენტულ პუნქტს შეადგენდა. ინფლაციის შემცირებას ყველაზე მეტად ინტერნეტის და ელექტროენერგიის გადასახადების გაიაფება, შესაბამისად, 0.4 პროცენტული პუნქტით და 0.3 პროცენტული პუნქტით განაპირობებდა. სურსათის ფასები გასული წლის აგვისტოს ფასებზე 0.8%-ით ნაკლები იყო. აქედან ყველაზე გამოსარჩევი მწვანილის და იმერული ყველის გაიაფებაა, რაც ინფლაციას, ჯამში, 0.5 პროცენტული პუნქტით ამცირებდა“, – ნათქვამია ცენტრალური ბანკის ანგარიშში.
რაც შეეხება ადგილობრივ ინფლაციას, როგორც ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, აგვისტოში ის 1.1%-მდე შემცირდა.
„ადგილობრივი ინფლაცია შემცირებას განაგრძობს. აგვისტოში ის 1.1%-მდე შემცირდა. შემცირების მიზეზები ინტერნეტის ღირებულების კლება, სხვადასხვა მომსახურებაზე საბაზო ეფექტის ამოწურვა და ზოგიერთი სურსათის გაიაფებაა. შერეულად წარმოებული პროდუქტების ფასები 1.1%-ით იაფი იყო გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. შერეულ ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად ანტიბიოტიკებისა და ელექტროენერგიის ტარიფის წლიური გაიაფება მოქმედებს. იმპორტირებული პროდუქტების ინფლაცია 3.0%-ს შეადგენდა, სადაც უდიდესი წვლილი საწვავის გაძვირებას ჰქონდა. მომსახურების ინფლაცია კლებას განაგრძობს და აგვისტოში 1.9%-მდე შემცირდა. როგორც აღვნიშნეთ, მომსახურების ინფლაციის თანდათან შემცირება მეტწილად საბაზო ეფექტის ამოწურვას უკავშირდება. გარდა ამისა, მომსახურების ინფლაციის შემცირებაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა ივლის-აგვისტოში ინტერნეტის ღირებულების კლებამ 1.7 პროცენტული პუნქტით“, – წერია სებ-ის ანგარიშში.