ეროვნული ბანკი - „იბიარდი“ საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას დადებითად აფასებს
ბანკებისთვის უფრო მეტი დისკრეციული უფლებამოსილების მისაცემად გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტების შესახებ დებულება შეცვალა და თავისი გამჭვირვალობა და კომუნიკაცია გაზარდა. ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს შექმნამ, რომელიც 2019 წლის დეკემბერში დამტკიცდა, საქართველოს ფინანსური მდგრადობა გააძლიერა, – ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონის 2020-21 წლების გარდამავალი პერიოდის ანგარიშშია ნათქვამი.
„იბიარდის“ შეფასებით, მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან ერთად, „კოვიდ-19“-ის საპასუხოდ და ეკონომიკის დასახმარებლად, ეროვნულმა ბანკმა კაპიტალისა და ლიკვიდობის მოთხოვნები შეამცირა, ნორმატიული/მარეგულირებელი მოთხოვნები შეამსუბუქა რათა ხელი შეეწყო სესხების რესტრუქტურიზაციისთვის, და დაბალი ინფლაციური წნეხის პირობებში მონეტარული პოლიტიკა შეამსუბუქა.
ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის ბოლოს მიღებული ფიზიკური პირების დაკრედიტების შესახებ დებულების შეცვლის მიზანი წესებზე დამყარებული მიდგომიდან პრინციპებზე დამყარებულ მიდგომაზე გადასვლა იყო, რაც ბანკებს რისკების სამართავად უფრო მეტ თავისუფლებას აძლევს.
„იბიარდის“ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის გამოქვეყნება და რისკების, ფინანსური სისტემის მოწყვლადობის წლიური შეფასება 8 წლის შემდეგ – 2019 წლის სექტემბერში განახლდა.
იმავე თვეს, ეროვნულმა ბანკმა მაკროპრუდენციული პოლიტიკის სტრატეგია გამოაქვეყნა, რომელიც ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად შუალედურ მიზნებს განსაზღვრავს. საზედამხედველო სტრატეგია რეგულატორისთვის 2020-22 წლების სტრატეგიულ პრიორიტეტებს აყალიბებს და ამ პრიორიტეტების აღსრულებისთვის სპეციფიკურ აქტივობებს აღწერს.
როგორც აღინიშნა, „კოვიდ-19“-ის პანდემიის ქვეყნის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ანგარიშთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.