ეროვნული ბანკი - იანვარში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 12.7 პროცენტით გაიზარდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 168.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 520.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 12.7 პროცენტით, ანუ 19.1 მლნ აშშ დოლარით მეტია 2021 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.6 პროცენტი იმ 20 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა იანვარში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 20 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 95.1 პროცენტი მოდიოდა.
„გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა იტალიიდან გადმოირიცხა – 33.33 მლნ აშშ დოლარი. მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია 22.38 მლნ აშშ დოლარით. მესამე ადგილს იკავებს აშშ 20.30 მლნ აშშ დოლარით, მეოთხეზეა საბერძნეთი – 16.89 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მეხუთეზე ისრაელი – 14.91 მლნ აშშ დოლარით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, ეროვნული ბანკის ცნობით, 2022 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 23.3 მლნ აშშ დოლარი, ანუ 71.8 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2021 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 35.3%-ით მეტია.