ეროვნული ბანკი - იანვარში რეგიონის ქვეყნებიდან ფულადი გადმორიცხვების ზრდის მაღალი ტემპით ყირგიზეთი და ყაზახეთი გამოირჩეოდნენ
ეროვნული ბანკი - იანვარში რეგიონის ქვეყნებიდან ფულადი გადმორიცხვების ზრდის მაღალი ტემპით ყირგიზეთი და ყაზახეთი გამოირჩეოდნენ

2022 წლის იანვარში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ წინა წელთან შედარებით 12.7 პროცენტით მოიმატა და 168.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 35.3 პროცენტით 23.3 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

„საანგარიშო თვეში რეგიონის ქვეყნებიდან ზრდის მაღალი ტემპით, 310.0 პროცენტით ყირგიზეთიდან და 200.6 პროცენტით ყაზახეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები გამოირჩეოდა, რომელთა წვლილები მთლიანი გზავნილების ცვლილებაში, შესაბამისად, 1.4 და 2.9 პროცენტული პუნქტებით აისახა. ფულადი გადმორიცხვები სომხეთიდან გაიზარდა, ხოლო აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან შემცირდა. საანგარიშო პერიოდში წლიურ დონეზე ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხული თანხები 15.5 პროცენტით გაიზარდა, რაც ძირითადად გერმანიიდან, პოლონეთიდან და იტალიიდან გაზრდილმა გზავნილებმა განაპირობა. საბერძნეთიდან გზავნილების მოცულობა ზომიერად, 9.3 პროცენტით შემცირდა. დანარჩენი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილებზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა 13.3 პროცენტით გაზრდილმა ნაკადებმა ისრაელიდან და 12.3 პროცენტით აშშ-დან მიღებულმა თანხებმა. რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს, 45.5 პროცენტს ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენს. შემდეგ მოდის რუსეთი 13.3 პროცენტით და აშშ 12.0 პროცენტით. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია გერმანიის, პოლონეთისა და იტალიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.