ეროვნული ბანკი - იანვარში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი - 1.9%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 14.7%-ით გამყარდა
ეროვნული ბანკი - იანვარში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი - 1.9%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 14.7%-ით გამყარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანგარიშში სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6861-დან 2.6752-მდე, ანუ 0.4%-ით, ხოლო ევროს მიმართ 2.9331-დან 2.9215-მდე, ამ შემთხვევაშიც 0.4%-ით გამყარდა.

თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.6827 და 2.9080 შეადგინა.

„იანვარში, საშუალო კურსთან შედარებით, გაცვლითი კურსის მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობები დაახლოებით თანაბრად იყო გადახრილი. იანვარში, საშუალოდ, დოლართან მიმართებით შესამჩნევია რუბლისა და ლარის გამყარება, გაუფასურებას განაგრძობს თურქული ლირა და სომხური დრამი, ხოლო აზერბაიჯანული მანათი და ევრო პრაქტიკულად არ შეცვლილა. ლარის ნომინალური და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსები წლიურად გამყარებას განაგრძობს. წლიურად, იანვარში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 1.9%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 14.7%-ით გამყარდა.

რაც შეეხება თვის ტენდენციას, წინა თვესთან შედარებით, იანვარში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი მცირედით, 0.3%-ით გაუფასურდა, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.8%-ით გამყარდა. ეფექტური კურსის გამყარება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება, თუმცა იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს. იანვარში წლიური ინფლაცია სავაჭრო პარტნიორთაგან, თურქეთში, რუსეთში, ბელარუსში, უკრაინაში, აშშ-ში, ევროზონასა და აზერბაიჯანში საქართველოზე მაღალი იყო, ხოლო სომხეთში – დაბალი. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ნაწილში ინფლაციის კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა მთლიანობაში ფასების დონე ჯერ ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშში.