ეროვნული ბანკი - იანვარში ინფლაციის ზრდაზე ყველაზე მეტად ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირების დასრულებამ იმოქმედა
2022 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 13.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო დეკემბერთან შედარებით ფასებმა 1.1 პროცენტით მოიმატა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
როგორც ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, იანვარში, ინფლაციის ზრდაზე ყველაზე მეტად 2021 წლის იანვრიდან გაძვირებული ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირების დასრულებამ იმოქმედა, რამაც თვიური ინფლაცია 0.2 პროცენტული პუნქტით გაზარდა. წინა თვესთან შედარებით, სეზონური ფაქტორების გამო ყველზე, პომიდორსა და კიტრზე გაზრდილმა ფასებმა ინფლაცია ჯამში 0.4 პროცენტული პუნქტით გაზარდა. გაიზარდა ასევე იმპორტული წარმოების ფილტრიანი სიგარეტის, მინერალური წყლისა და გაზის საწვავის ფასებიც, რომელთა გავლენა ინფლაციაზე ჯამურად 0.2 პროცენტული პუნქტით იყო.
„ბოლო პერიოდში კომუნალური გადასახადების გავლენა ინფლაციაზე მნიშვნელოვანია. როგორც წინა ანგარიშებში აღვნიშნეთ, კომუნალურ გადა- სახადების გავლენა ინფლაციაზე მოიცავს როგორც გადასახადების გაძვირებას, ასევე სუბსიდირების დასრულების ეფექტს. დეკემბრიდან ამ ფაქტორებს საბაზო ეფექტი დაემატა. კერძოდ, კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ეფექტი ინფლაციაზე 2020 დეკემბრიდან 2021 თებერვლის ჩათვლით აისახა, რის გამოც ინფლაციამ ამ პერიოდში იკლო. ერთი წლის შემდეგ, საბაზო ეფექტის გამო, კომუნალური გადასახადების გავლენამ წლიურ ინფლაციაზე ნოემბერთან შედარებით 2.0 პროცენტული პუნქტით, 3.6 პროცენტულ პუნქტამდე მოიმატა. იანვარში კომუნალური გადა- სახადების წვლილი 3.6 პროცენტული პუნქტის დონეზე შენარჩუნდა.
წლიურ ჭრილში, ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას სურსათის ფასები ახდენს. სურსათის გაძვირება გლობალური ტენდენციაა, რაც სა- ქართველოზეც აისახება. იანვარში სურსათის წლიურმა ინფლაციამ 16.4 პროცენტი, ხოლო წვლილმა მთლიან ინფლაციაში 4.9 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ოქტომბერში გაძვირების შემდეგ, სურსათიდან ყველაზე გამოსარჩევი პური გახდა. სამომხმარებლო კალათაში პურს ყველაზე დიდი წონა (3.74%) აქვს. ამ პროდუქტის წლიური გაძვირება იან- ვარში 22.3 პროცენტს გაუტოლდა, რის გამოც ინფლაციაზე მისმა გავლენამ 0.8 პროცენტული პუნქტი შეადგინა. კვერცხის და კარტოფილის წვლილი ინფლაციაში თითოეულისთვის 0.3-0.3 პროცენტულ პუნქტს შეადგენდა. შემ- ცირდა, თუმცა კვლავ მაღალი, 0.3 პროცენტულ პუნქტზე რჩება მზესუმზირის ზეთის გავლენა ინფლაციაზე. ამდენივეა ყველის წვლილიც. მსოფლიოში მობილობის აღდგენასთან ერთად გაიზარდა ნავთობზე მოთხოვნა და, შედეგად, ფასებიც, რამაც საწვავიც გააძვირა. 2021 წლის იანვართან შედარებით ბენზინი – 37.1, დიზელი 32.2, ხოლო გაზის საწვავი 20.1 პროცენტით არის გაძვირებული, რითაც საწვავის წვლილი წლიურ ინფლაციაში 1.8 პროცენტულ პუნქტს უტოლდება. ჯანმრთელობის დაცვა წლიურად 7.5 პროცენტით გაძვირდა. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 5.6 პროცენტამდე შემცირდა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.