ეროვნული ბანკი - იანვარში ბანკების აქტივები და დეპოზიტების ნაწილი შემცირდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები და დეპოზიტების ნაწილი შემცირდა.
„2019 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
იანვარში წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 870.3 მილიონი ლარით, ანუ 2.2 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.8 პროცენტით შემცირდა) და 2019 წლის პირველი თებერვლისათვის 38.8 მლრდ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.2 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.4 პროცენტია“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
რაც შეეხება დეპოზიტებს, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2019 წლის პირველი თებერვლისათვის 22.6 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 450.6 მლნ ლარით, ანუ 2.0 პროცენტით ნაკლებია პირველი იანვრისთვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.5 პროცენტით ნაკლები). იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 171.3 მლნ ლარით, ანუ 1.3 პროცენტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.8 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 622.0 მლნ ლარით, ანუ 6.4 პროცენტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 6.0 პროცენტით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი თებერვლისთვის 37.54 პროცენტი შეადგინა. პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.64 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0.45 პროცენტული პუნქტით).
ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.9 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 7.7 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.8 პროცენტი.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 82.9 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.6 პროცენტი შეადგინა.