ეროვნული ბანკი - გადახდის აპარატები და ბანკომატები შეუფერხებლად იმუშავებენ, საფინანსო სექტორი განაგრძობს სერვისების სრული სპექტრის მიწოდებას
ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის სერვისების მუშაობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
ბანკი აცხადებს, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით მუშაობას წყვეტს ყველა დიდი სავაჭრო ობიექტი და ფუნქციონირებას განაგრძობს მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, სააფთიაქო, ბენზინგასამართი ქსელები, საფოსტო გზავნილების ქსელი, ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები (მისო), სესხის გამცემი სუბიექტები (სგს) და ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები.
„ამ შეზღუდვის პირობებში, საფინანსო სექტორი განაგრძობს სერვისების სრული სპექტრის მიწოდებას. მათ შორის, ნაღდი ფულის უწყვეტ მიწოდებას, ანგარიშსწორებას, სასესხო და სადეპოზიტო მომსახურებას. შეუფერხებლად იმუშავებენ გადახდის აპარატები და ბანკომატები. ეს სერვისები არ შეიზღუდება არც იმ შემთხვევაში, თუკი აუცილებელი გახდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.
საქართველოში საფინანსო სექტორი მომზადებული ხვდება გამოწვევებს. მათ შორის, გვაქვს კარგად განვითარებული დისტანციური მომსახურების სერვისები“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.
უწყება მოუწოდებს მოსახლეობას, იმისთვის, რომ ქვეყანამ ეფექტიანად შეძლოს ვირუსთან ბრძოლა, მაქსიმალურად გამოიყენონ ინტერნეტ გადახდის სერვისები და მოერიდონ აუცილებლობის გარეშე სახლიდან გამოსვლას.
„ბანკებს, სესხის გამცემ სუბიექტებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და სავალუტო ჯიხურებს ეძლევათ რეკომენდაცია, მაქსიმალურად შეზღუდონ სერვისცენტრებში მომსახურე პერსონალისა და კლიენტების შორის პირდაპირი ფიზიკური კონტაქტი. მათ, ასევე, უნდა უზრუნველყონ მომსახურება განხორციელდეს რიგების გარეშე, სადაც ეს შესაძლებელია, ან უზრუნველყონ რიგში მომხმარებელთა შორის რეკომენდებული დისტანციის დაცვა“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.