ეროვნული ბანკი - ფინტექის ხელშემწყობი გარემოს შექმნისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით და ინოვაცია ჩვენი საზედამხედველო სტრატეგიის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებად ვაქციეთ
ბოლო წლებში ეროვნულმა ბანკმა ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ფინტექისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნისკენ და ინოვაცია თავისი საზედამხედველო სტრატეგიის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებად აქცია, – ამის შესახებ სებ-ის ფინტექსექტორის განვითარების სტრატეგიაშია ნათქვამი.
სტრატეგიაში საუბარია ინსტიტუციურ მზაობაზე, საკანონმდებლო და უსაფრთხოების პოლიტიკისა თუ ბაზრის შესაძლებლობებზე, რომლებიც ფინტექბიზნესების განვითარებაზე მოქმედებენ. მნიშვნელოვან მიღწევად აღნიშნულია რეგულატორული ჩარჩოს განვითარება, რომელიც საგადახდო და საბანკო ბაზრებზე ახალი ფინანსური აქტივობების გამოჩენასა და ახალი მოთამაშეების უსაფრთხო შესვლას უწყობს ხელს.
ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ, საგადახდო მომსახურების შესახებ ევროკავშირის განახლებული დირექტივის შესაბამისად, საგადახდო სისტემის და საგადახდო მომსახურების კანონში ცვლილებები შევიდა და დაინერგა ციფრული ბანკინგის პრინციპები.
„ეროვნულმა ბანკმა გააფართოვა თავისი ინსტიტუციური ექსპერტიზა ფინტექსაკითხებზე, შექმნა რეგულირების ლაბორატორია (Regulatory Sandbox) და ხელმძღვანელობს ფინანსური ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან რეფორმებს“, – ვკითხულობთ სტრატეგიაში.
ასევე, საქართველოს ფინტექსექტორის განვითარების სტრატეგიაში შეფასებულია სხვადასხვა ფაქტორი, რომლებიც ქვეყანაში ფინტექინფრასტრუქტურის განვითარებაზე ახდენს გავლენას.
სებ-ში ასევე აღნიშნავენ, რომ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) დანერგვაზე მიმდინარეობს მუშაობა. „ნიშანდობლივია, რომ, ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველო არის რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელმაც ოფიციალურად შეიტანა განაცხადი ერთიანი ევროგადახდების სივრცის (SEPA) წევრობაზე“, – აცხადებენ სებ-ში.