საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შედეგად, ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის შეუფერხებლად დაკრედიტებას განაგრძობს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, წინა პერიოდებში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამატებითი კაპიტალის დაწესებულმა მოთხოვნებმა და კომერციული ბანკების მიერ მიღებულმა მოგებამ, ბანკებს სტრესულ სიტუაციასთან გასამკლავებლად კაპიტალის საკმარისი ბუფერების დაგროვების საშუალება მისცა. ასევე მდგრადია აქტივების ხარისხი, რასაც პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციამ და სესხების დოლარიზაციის შემცირების მიზნით, რიგი მაკროპრუდენციული ზომების გატარებამ შეუწყო ხელი.
„გარდა ამისა, გასულ წლებში ლიკვიდობის გადაფარვისა (LCR) და წმინდა სტაბილური დაფინანსების (NSFR) კოეფიციენტების დაწესების შედეგად, სტაბილურია ბანკების დაფინანსების წყაროები და სოლიდურია ლიკვიდობის ბუფერი. დამატებით, მიმდინარე წელს ეკონომიკის დაკრედიტების შეუფერხებლად განხორციელებისთვის ეროვნულმა ბანკმა საგრძნობლად გააფართოვა ლარის ლიკვიდობის მიწოდების ინსტრუმენტები, ხოლო შემუშავებული საზედამხედველო გეგმის ფარგლებში გამოთავისუფლდა ბანკების კაპიტალის ბუფერების ნაწილი და მათ მეტი მოქნილობა მიეცათ ლიკვიდობის მართვაში. პანდემიის შედეგად მოსალოდნელია უმოქმედო სესხების წილის ზრდა, თუმცა კომერციულმა ბანკებმა წინმსწრებად შექმნეს რეზერვები შესაძლო დანაკარგებისთვის. შედეგად, ქვეყნის ფინანსური სექტორი ჯანსაღია და საკმარისი რესურსი აქვს იმისათვის, რომ ეკონომიკის დაკრედიტება შეუფერხებლად გაგრძელდეს“ – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში განმარტავენ, არსებული საბაზო სცენარის განვითარების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი მიმდინარე წლის მარტში გამოთავისუფლებული კაპიტალის ბუფერების მოთხოვნის აღდგენის გეგმას და მათი ეტაპობრივად შევსების თარიღებს 2021 წელს გამოაცხადებს, რის შემდეგაც საბანკო სექტორს საკმარისი დრო მიეცემა ბუფერების თავიდან დასაგროვებლად.
„2020 წლის ოქტომბერში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 11.5 პროცენტი შეადგინა. ამასთან, სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს, რაც წინა პერიოდებში მაღალი საკრედიტო ზრდისა და გაცვლითი კურსის ეფექტს ასახავს. გაზრდილი გეპი ვალის ტვირთის და მოწყვლადობის ზრდაზე მიუთითებს, განსაკუთრებით კორპორატიულ სექტორში. კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, საწყის ეტაპზე საკრედიტო აქტივობა მნიშვნელოვნად შენელდა, თუმცა ბოლო თვეებში კვლავ გაიზარდა და არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში წელს საკრედიტო პორტფელის ზრდა ათი პროცენტის ფარგლებში იქნება. როგორც ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის წინა განცხადებებში იყო აღნიშნული, ეროვნული ბანკი მიმდინარე წელს კონტრციკლური ბუფერის მოთხოვნას არ გაზრდის. ხოლო საბაზო სცენარის რეალიზების შემთხვევაში, მიმდინარე წელს გამოთავისუფლებული კაპიტალის ბუფერების აღდგენის გეგმა და მათი ეტაპობრივად თარიღები 2021 წელს გამოცხადდება და საბანკო სექტორს საკმარისი დრო მიეცემა ბუფერების თავიდან დასაგროვებლად, რათა აღნიშნული ბუფერები ეტაპობრივად და განსაკუთრებული სირთულეების გარეშე შეივსოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, როგორც მარეგულირებელში განმარტავენ, მიუხედავად საგრძნობი შემცირებისა, დოლარიზაცია ფინანსური სექტორისთვის კვლავ ერთერთ მთავარ გამოწვევად რჩება.
„უცხოური ვალუტის სესხებს, ერთი მხრივ, თან ახლავს გაცვლითი კურსის რისკი, ხოლო, მეორე მხრივ, საპროცენტო რისკი, რომლის პოტენციური საშუალოვადიანი გავლენა განსაკუთრებით საყურადღებოა დღეს, მსოფლიო ბაზრებზე აშშ დოლარსა და ევროზე ისტორიულად დაბალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში. კრიზისამდელ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა სესხების დოლარიზაციის შემცირების მიზნით რიგი მაკროპრუდენციული ზომები გაატარა, რამაც ხელი შეუწყო არსებული მოწყვლადობის მნიშვნელოვან შემცირებას. თუმცა, დაკრედიტებაში უცხოური ვალუტის სესხების კვლავ მაღალი წილისა და გაცვლითი კურსის გაზრდილი მერყეობის ფონზე, დოლარიზაცია რჩება არაჰეჯირებული მსესხებლებისა და ჯამურად, ფინანსური სისტემის მდგრადობის ძირითად რისკად. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან, როდესაც პანდემიის გავლენის მასშტაბების შეფასება უკეთესად არის შესაძლებელი, შოკის შესაძლო გავლენა ფინანსურ სექტორზე დიდწილად უკვე ასახულია. თუმცა, კვლავ ნარჩუნდება მაღალი გაურკვევლობა, მათ შორის, პანდემიის დასრულების ვადებთან დაკავშირებით. საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და საჭიროებისამებრ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის“- აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2021 წლის 24 თებერვალს გაიმართება.