ეროვნული ბანკი - ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორთა რაოდენობამ განსაკუთრებით, პოლონეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, გერმანიიდან და ლიეტუვადან მოიმატა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის თებერვალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 274.8 პროცენტით გაიზარდა. ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 90.3 პროცენტი შეადგინა და წლიურად 282.4 პროცენტით მოიმატა.
ეროვნული ბანკის ცნობით, საანგარიშო თვეში ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.
„2021 წლის მეორე ნახევრიდან საქართველოში პანდემიის შემაკავებელი ზომების შერბილებამ და საზღვრების გახსნამ ტურიზმის დარგის გამოცოცხლებას ხელი შეუწყო და უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდა გაგრძელდა. 2022 წლის თებერვალში ვიზიტორების წლიურმა ზრდამ 274.8 პროცენტი შეადგინა, თუმცა ეს საბაზო ეფექტს უკავშირდება, ვინაიდან 2021 წელს ანალოგიურ პერიოდში ტურიზმი პრაქტიკულად გაჩერებული იყო. 2020 წლის თებერვალთან შედარებით კი 60.7 პროცენტით ნაკლები ვიზიტორი შემოვიდა. რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე დიდი წვლილები ვიზიტორების ზრდაში რუსეთიდან (44.3 პპ), თურქეთიდან (33.6 პპ) და სომხეთიდან (28.6 პპ) შემოსულმა ვიზიტორებმა შეიტანეს. ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით 11-ჯერ გაიზარდა. განსაკუთრებით, პოლონეთიდან (5.1 პპ), გაერთიანებული სამეფოდან (3.9 პპ), გერმანიიდან (3.0 პპ) და ლიეტუვადან (2.8 პპ) შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ მოიმატა. დანარჩენი ქვეყნებიდან აღსანიშნავია საუდის არაბეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, როგორც ზრდის ტემპით, ასევე მთლიან ზრდაში წვლილით. წინა თვის მსგავსად, საანგარიშო პერიოდში, ისრაელიდან შემოსული ვიზიტორთა რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, რაც ვიზიტორთა მთლიან ზრდაში მაღალი წვლილით გამოირჩეოდა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.