ეროვნული ბანკი - ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით 11-ჯერ გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის იანვარში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 424.4 პროცენტით გაიზარდა. ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 92.4 პროცენტი შეადგინა და წლიურად 455.7 პროცენტით მოიმატა.
ეროვნული ბანკის ცნობით, საანგარიშო თვეში ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.
„2021 წლის მეორე ნახევრიდან საქართველოში პანდემიის შემაკავებელი ზომების შერბილებამ და საზღვრების გახსნამ ტურიზმის დარგის გამოცოცხლებას ხელი შეუწყო და უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდა გაგრძელდა. 2022 წლის იანვარში ვიზიტორების წლიურმა ზრდამ 424.4 პროცენტი შეადგინა, თუმცა ეს საბაზო ეფექტს უკავშირდება, ვინაიდან 2021 წელს ანალოგიურ პერიოდში ტურიზმი პრაქტიკულად გაჩერებული იყო. 2020 წლის იანვართან შედარებით კი 66.2 პროცენტით ნაკლები ვიზიტორი შემოვიდა. რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე დიდი წვლილები ვიზიტორების ზრდაში რუსეთიდან (78.4 პპ), თურქეთიდან (51.2 პპ) და სომხეთიდან (46.6 პპ) შემოსულმა ვიზიტორებმა შეიტანეს. ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით 11-ჯერ გაიზარდა, რამაც მთლიან ზრდაში 29.9 პროცენტიანი წვლილი შეადგინა. განსაკუთრებით, პოლონეთიდან, გერმანიიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ლიეტუვადან შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ მოიმატა. დანარჩენი ქვეყნებიდან აღსანიშნავია საუდის არაბეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, როგორც ზრდის ტემპით (2220-ჯერ მეტი ვიზიტორი), ასევე მთლიან ზრდაში წვლილით. წინა თვის მსგავსად, საანგარიშო პერიოდშიც, კვლავ მნიშვნელოვნად, 82-ჯერ არის გაზრდილი ისრაელიდან შემოსული ვიზიტორთა რაოდენობა“, – აღნიშნულია სებ-ის ანგარიშში.