ეროვნული ბანკი - დეკემბერში ლარი დოლარის მიმართ 0.7 პროცენტით გამყარდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეკემბერში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ საშუალოდ 3.3087-დან 3.2864-მდე, ანუ 0.7 პროცენტით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ 3.9136-დან 3.9969-მდე, ანუ 2.1 პროცენტით გაუფასურდა.
„დეკემბერში ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ – 3.3253, ხოლო მინიმალურმა 3.2660 შეადგინა. შესაბამისად, თვის განმავლობაში საშუალო კურსიდან მაქსიმალური გადახრა 1.2 პროცენტი, ხოლო მინიმალური – 0.6 პროცენტი დაფიქსირდა. საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე დოლარი ევროს მიმართ საშუალოდ – 2.8 პროცენტით, თურქული ლირის მიმართ – 3.3 პროცენტით, რუსული რუბლის მიმართ 4.0 პროცენტით გაუფასურდა, ხოლო სომხური დრამის მიმართ 4.0 პროცენტით გამყარდა. აზერბაიჯანული მანათის მიმართ პრაქტიკულად უცვლელი დარჩა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
ამასთან, როგორც ცენტრალურ ბანკში განმარტავენ, ნოემბერთან შედარებით, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 2.9 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 1.1 პროცენტით გაუფასურდა.
„წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი, 7.4 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 5.6 პროცენტით გაუფასურდა. სავაჭრო პარტნიორთაგან დეკემბერში წლიური ინფლაცია საქართველოში დაფიქსირებულ 2.4 პროცენტზე მაღალი იყო თურქეთში 14.6 პროცენტი, ბელორუსში – 7.3 პროცენტი, უკრაინაში – 5.0 პროცენტი, რუსეთში – 4.9 პროცენტი, სომხეთში – 3.7 პროცენტი, აზერბაიჯანში – 2.6 პროცენტი, ხოლო დაბალი იყო აშშ-ში – 1.4 პროცენტი და ევროზონაში – 0.3 პროცენტი“, – წერია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.