ეროვნული ბანკი - დეკემბერში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 42.4 პროცენტით შემცირდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 308.3 მლნ აშშ დოლარი, ანუ 828.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 42.4%-ით, ანუ 227.0 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2022 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.8% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა დეკემბერში თითოეულზე ერთ მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 97.4% მოდიოდა.
გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 70.58 მილიონი აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა; მეორე ადგილზეა იტალია 49.68 მილიონი აშშ დოლარით; მესამე ადგილს 46.19 მილიონი აშშ დოლარით აშშ იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილზეა საბერძნეთი 22.65 მილიონი აშშ დოლარით, მეხუთე ადგილზე კი – გერმანია 21.57 მილიონი აშშ დოლარით.
2023 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 34.0 მლნ აშშ დოლარი, ანუ 91.4 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.6%-ით მეტია.