ციფრული ლარის პროექტი ახალ ეტაპზე გადადის. ეროვნული ბანკი ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) სისტემის ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოსაცდელად და მიზნობრივი გამოყენების შესაძლო სფეროების გამოსავლენად შეზღუდული წვდომის რეალური საპილოტე გარემოს შექმნას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
„გრძელვადიანი კვლევისა და სათანადო განხილვების შემდეგ ეროვნული ბანკი ცხრა კომპანიისგან შემდგარ სიას აქვეყნებს. ამ ორგანიზაციებს პლატფორმის რეალურ გარემოში ტესტირებისთვის შესაბამისი გამოცდილება და საკმარისი ტექნოლოგიური პოტენციალი გააჩნიათ: AUGENTIC GmbH, Bitt Inc, Broxus Holdings Ltd, Currency Network Ltd, DCM Corp Limited, eCurrency Mint Inc, FARI Solutions Ltd, Ripple Labs, Inc, Sovereign Wallet Co, Ltd.
ეროვნული ბანკი განიხილავს ციფრული ლარის პროექტის ყველა იმ განსხვავებულ ტექნოლოგიურ გადაწყვეტას, რომელსაც ზემოხსენებული კომპანიები შესთავაზებენ. შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკი გამოავლენს ერთ ტექნოლოგიურ პარტნიორ ორგანიზაციას, რომელთან ერთადაც საპილოტე გარემოს შექმნის.
შეგახსენებთ, რომ ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობის ზრდისა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წლიდან აქტიურად იკვლევს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) მახასიათებლებს, მათ შორის, ციფრული ლარის შესაძლებლობებს, სისტემურ მოწყობასა და ბაზარზე მისი გამოყენების გზებს“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.