ეროვნული ბანკი - არასწორია, „შანტაჟად“ შეფასდეს ის, რაც მარეგულირებელი ორგანოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებაა
არასწორია, „შანტაჟად“ შეფასდეს ის, რაც მარეგულირებელი ორგანოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებაა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული.
ეროვნული ბანკი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა.
„კომერციულ ბანკში გამოვლენილი დარღვევის ადეკვატური სანქციის გამოყენება საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც საბანკო სექტორის ზედამხედველის, პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა.
ეროვნული ბანკის უფლებამოსილებით განსაზღვრული სანქციები დაკონკრეტებულია შესაბამის კანონმდებლობაში. ამ ჩამონათვალში არის, მათ შორის, მარეგულირებლის უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს ბანკის ადმინისტრატორების ხელმოწერის შეჩერება და/ან თანამდებობიდან გათავისუფლება, რაც საქართველოს ეროვნულ ბანკს წარსულშიც გამოუყენებია.
შესაბამისად, არასწორია „შანტაჟად” შეფასდეს ის, რაც მარეგულირებელ ორგანოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მამუკა ხაზარაძემ დღეს კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი მას და ბადრი ჯაფარიძეს აშანტაჟებდა.