ეროვნული ბანკი - აპრილში ლარში გაცემული სესხების მოცულობა - თითქმის ნახევარი მილიარდი ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში 295 მილიონი ლარით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2024 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, 730.66 მლნ ლარით, ანუ 1.36%-ით გაიზარდა და აპრილის ბოლოს 54.51 მლრდ ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 435.78 მლნ ლარით, ანუ 1.47%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 294.88 მლნ ლარით,ანუ 1.22%-ით გაიზარდა.
ამასთან, ცენტრალური ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 2024 წლის აპრილის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8.82 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 0.20%-ით ნაკლებია, ხოლო უცხოური ვალუტით – 15.47 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის მაჩვენებელს 1.71%-ით აღემატება.
ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის აპრილის განმავლობაში 1.72%-ით, ანუ 481.62 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და აპრილის ბოლოსათვის 28.41 მლრდ ლარი შეადგინა. 2024 წლის აპრილის ბოლოსათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.25 პროცენტი შეადგინა და წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით გაიზარდა 0.06 პროცენტული პუნქტით.